ქართული ღვინის შესახებ

საქართველო ღვინის აკვანი

საქართველოში, მარნეულის ტერიტორიაზე, გადაჭრილი გორისა და დანგრეული გორის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ნეოლითის ხანის ვაზის წიპწები და თიხის საღვინე ჭურჭელი. მეცნიერული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ აღმოჩენილი ვაზის წიპწები ძვ.წ. VI ათასწლეულით თარიღდება. ის განეკუთვნება ევროპული კულტურული ვაზის სახეობა Vitis vinifera sativa_ს. რაც შეეხება საღვინე ჭურჭელს. ეს არის ქვევრის ფორმის თიხის ჭურჭელი, რომელშიც ღვინის კვალის არსებობა დასტურდება. ეს ჭურჭელიც ძვ.წ. VI ათასწლეულით თარიღდება და ის თანამედროვე ქვევრის წინაპრად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამრიგად, დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ მსოფლიო მეღვინეობის ისტორია სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყო.

ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშები

დღეისათვის ცნობილია 530-მდე ქართული აბორიგენული ვაზის ჯიში. აქედან 425 ჯიშზე მეტი დღემდეა შემორჩენილი და დაცულია სპეციალურ სანერგეებში. დღეისათვის წარმოებაში 30-35 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში გამოიყენება. პოპულარული და მეტად გავრცელებული ქართული ყურძნის ჯიშებია: საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპირო, ბუდეშურისებრი საფერავი, ციცქა, ალადასტური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ჩხავერი, უსახელაური, ალექსანდროული, ოჯალეში, ალადასტური და სხვა.

პოპულარული ქართული ღვინოები

პოპულარული ქართული ღვინოები, ძირითადად, ქართული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოებია, თუმცა არსებობს ღვინოები, რომლებიც პიპულარობით, ხარისხითა და ღირსებით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს არ ჩამოუვარდება.

პოპულარული ქართული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოებია: წინანდალი, მუკუზანი, ქინძმარაული, ახაშენი, ნაფარეული, მანავი, ყვარელი, ტვიში, ხვანჭკარა და სხვა.

პოპულარული და გავრცელებული ქართული ღვინოებია: საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, ჩხავერი, ალადასტური, ოჯალეში, ალექსანდროული და სხვა.